ისტორია

პანტომიმის თეატრი

2015 წელი საქართველოს სახელმწიფო პანტომიმის თეატრისთვის საიუბილეო წელი იყო – ამ თვითმყოფად და ორიგინალური ხელწერის მქონე კოლექტივს არსებობის 50 წლისთავი შეუსრულდა.

პანტომიმის ჟანრის დამკვიდრება საქართველოში ამირან შალიკაშვილის სახელთან არის დაკავშირებული. სასცენო ხელოვნების ეს ერთ-ერთი უძველესი დარგი ოდითგანვე განსაკუთრებული ყურადღებით იყო გარემოცული ქართულ თეატრში. კოტე მარჯანიშვილი მიიჩნევდა, რომ პლასტიკურ ხელოვნებას ამოუწურავი შესაძლებლობანი აქვს და იგი საფუძველია ჭეშმარიტი განცდისა; ამიტომაც დიდი რეჟისორის შემოქმედებაში თვალსაჩინო ადგილი განეკუთვნება მის პანტომიმურ ძიებებს. კ. მარჯანიშვილი ანსხვავებდა მიმოდრამას და წმინდა პანტომიმას. იგი წინასწარ ჭვრეტდა საქართველოში პლასტიკური ხელოვნების აღზევების გარდაუვალობას. დღეს მსოფლიო არენაზე გასული ქართული ტემპერამენტის ფენომენის ამოხსნისას პლასტიკა ერთ-ერთი იმ „სასწაულთაგანია“, რაც ესოდენ აღაფრთოვანებს ყველა ქვეყნის მაყურებელს. მეორე დიდი რეჟისორის სანდრო ახმეტელის შემოქმედებაც სისხლხორცეულად იყო დაკავშირებული პლასტიკურ ხელოვნებასთან. მიხეილ თუმანიშვილის და რობერტ სტურუას საქვეყნო აღიარებაშიც ლომის წილი უზადო ოსტატობითა და გემოვნებით „აკინძულ“ ჟესტ-მიმიკას განეკუთვნება და ასე შეიძლება გავაგრძელოთ უსასრულოდ, ერთი კი ნათელია: ქართული თეატრის წარმატების საძირკველი მისი პლასტიკური გამომსახველობაა.

მისი ყველა აღიარებული სპექტაკლის მყარი საფუძველი ჩამოქნილი რიტმი, უზუსტესი მოძრაობები, დახვეწილი ჟესტ-მიმიკა იყო. ვირტუოზულად დადგმული მასობრივი სცენები მაყურებელს აოცებდა ვიზუალურ-პლასტიკუი სახიერებით, შინაგანი ვნები, ქართული ტემპერამენტის გამოვლინებით.

ამირან შალიკაშვილმა, ჯერ კიდევ თეატრალურ ინსტიტუტში სწავლისას, 1962 წელს, დაინტერესებული სტუდენტებისგან შექმნა პანტომიმის ჯგუფი და წლისთავზე ინსტიტუტის სცენაზე წარმოადგინა პირველი დამოუკიდებელი ნამუშევარი – „პანტომიმური ნოველები“. ამ იდეამ ამირანს მოსვენება არ მისცა ინსტიტუტის დამთავრების შემდეგაც; ამჯერად უკვე ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიის თეატრის მსახიობმა, 1965 წლის 13 მაისს, თბილისის ვაჭრობისა და სამომხმარებლო კოოპერაციის მუშაკთა პროფკავშირების კულტურის სახლთან ჩამოაყალიბა პანტომიმის თვითმოქმედი ჯგუფი, სადაც გაერთიანდნენ უმაღლესი და საშუალო სპეციალური სასწავლებლების სტუდენტები, თეატრალური ინსტიტუტის კურსდამთავრებულები, პანტომიმის ჟანრის მოყვარულები. აქედან იღებს დასაბამს პანტომიმის ქართული თეატრის 50-წლიანი გზა.

მნიშვნელოვანი მოვლენა იყო 1969 წელს ამიერკავკასიის რკინიგზელთა სახლთან ა.შალიკაშვილის ინიციატივით პანტომიმის სტუდიის შექმნა, სადაც იმავე წლის 14 დეკემბერს წარმოადგინეს პირველი ნამუშევარი – ნოველების კრებული „ოცნება და სინამდვილე“.

წარმატების რეზონანსი იმდენად დიდი იყო, რომ მომწიფდა საკითხი საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიასთან შექმნილიყო პანტომიმის თეატრი, რაც 1970 წლიდან განხორციელდა კიდეც.
1976 წლის 1 იანვრიდან ეს კოლექტივი გამოეყო ფილარმონიას და საბოლოოდ საქართველოს პანტომიმის სახელმწიფო თეატრად ჩამოყალიბდა. დღემდე მისი უცვლელი სამხატვრო ხელმძღვანელია ამირან შალიკაშვილი.

თეატრის დღევანდელი თვალსაწიერიდან თუ გადავხედავთ მის მიერ განვლილ გზას, ნათლად იკვეთება რომ ეს არის საკუთარი სტილისა და გამომსახველობის საშუალებათა ძიების გზა, რაც სრულებით არ ნიშნავს, რომ თეატრმა უარყო ამ ჟანრის კლასიკური მემკვიდრეობა. პირიქით, გაიზიარა და შეისისხლხორცა მსოფლიო პანტომიმის ყველა ფასეულობა. ა.შალიკაშვილმა და მისმა თანამოაზრეებმა მხატვრული ხედვის არეში მოაქციეს მონათესავე დარგის – ქართული ცეკვის უმდიდრესი შესაძლებლობანი და ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო კულტურების ნაჯვარზე თავიანთი ახალი ხელოვნება აღმოაცენეს.

პანტომიმის ქართულ თეატრში დადგმული ყველა სპექტაკლი, რა საშუალებებითაც არ უნდა ხორციელდებოდეს იგი, მყარ ლიტერატურულ საფუძველს შეიცავს, იქმნება ხასიათები, პერსონაჟთა ურთიერთდამოკიდებულებაში იკვეთება დრამატურგიული კონფლიქტი, სცენაზე წარმოსახულს აქვს დასაბამი და განვითარების ეტაპები. დრამატული თეატრის ამ ურყევი პრინციპის ერთგული დარჩა ამირან შალიკაშვილი ბოლომდე, რამაც დიდი წარმატება მოუტანა კიდეც საზღვარგარეთ არაერთგზის მოგზაურობისას.

პირველი აღიარება თეატრმა მოიპოვა 1979 წელს საბერძნეთში, სადაც პირეისა და ათენის საზღვარზე მდებარე დრამის თეატრის შენობაში წარმოადგინეს ევროპიდეს „ელექტრა“. ეს წარმატება განსაკუთრებით ძვირფასია, რამეთუ იგი ევრპიდეს სამშობლოში იქნა მიღწეული. მრავალრიცხოვან გამოხმაურებათაგან, ვფიქრობ, ყველაზე ლაკონური და დამაჯერებელია ბერძენი მწერლის იანის სკაფუს გამონათქვამი: „ქართველთა ელექტრა“ ერთ-ერთი იმ სასწაულთაგანია, რაც ოდესმე მინახავს“. მაინც რამ მოხიბლა ბერძენი მაყურებელი? ევრიპიდეს შემოქმედების მიმართ მაძიებლურმა დამოკიდებულებამ, ანტიკურ მონუმენტურობასთან ქართული ხასიათისა და ტემპერამენტის ორგანულმა შერწყმამ, სისხლსავსე აქტიორულმა ნამუშევრებმა. განსაკუთრებული მოწონება ხვდა კირა მებუკეს ცეცხლოვან ელექტრას.

საგასტროლო მოგზაურობიდან დაბრუნების შემდეგ დასი ჩვეული ენთუზიაზმით შეუდგა ახალ რეპერტუარზე მუშაობას. ამ მონაკვეთში მისი ინტერესების სფერო საბრძოლო-პოლიტიკურმა თემატიკამ მოიცვა, ზედიზედ შეიქმნა სპექტაკლები: „გაანთავისუფლეთ სიმღერა“(„ჩილეს ტრაგედია“), „წითელი აფრები“-ვლადიმერ მაიაკოვსკის მიხედვით და „უკვდავნი“. თითოეული ეს ნამუშევარი საინტერესო იყო როგორც პლასტიკური აზროვნების ახალი ფორმების ძიების თვალსაზრისით, ასევე თეატრალური ლტოლვით – შეექმნა ემოციურ მუხტზე დაფუძნებული, პატრიოტული და ინტერნაციონალური სულისკვეთებით გამსჭვალული დადგმები, ეროვნულ ფესვებზე აღმოცენებული თეატრალური ესთეტიკა.

თეატრის ამ პერიოდის ყველაზე დიდ შემოქმედებით მიღწევად უნდა მივიჩნიოთ ქართული ხალხური ლეგენდის მიხედვით შექმნილი წარმოდგენა – „კიდევაც დაიზრდებიან“.

თეატრმა შემდეგი საზღვარგარეთული ტურნეს დროს- გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ქალაქ საარბრიუკენში 1982 წელს, სადაც იგი ჩართული იყო საქართველო-გერმანიის კულტურული დღეების პროგრამაში, პანტომიმურ ნოველებთან „ოცნება და სინამდვილესთან“ ერთად წარმოადგინა „კიდევაც დაიზრდებიან“. გერმანული პრესა ვრცელი და საფუძვლიანი ანალიზით გამოეხმაურა სტუმართა შემოქმედებას: „ფოიერვახში გერმანელი მაყურებლის წინაშე 19 ქართველი მიმი გამოვიდა. განუმეორებელი სანახაობა იყო ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ნაჩვენები იქნა ქართული „იავნანას“ საფუძველზე აგებული სპექტაკლი, რომელშიც მოთხრობილია ქართველი კაცის ცხოვრების შესახებ დაბადებიდან სიკვდილამდე. განსაკუთრებული აზრით დატვირთული ჟესტი და მიმიკა საოცრად სადა დეკორაციებისა და კოსტიუმების ფონზე, ერთი-ორად იძენს თავის მნიშვნელობას. აქტიორული სხეულის პლასტიკა ისეთ სრულყოფილებამდეა აყვანილი, რომ იქმნება შტაბეჭდილება ხან ვაჟკაცური, ხან საოცრად ფაქიზი სახეების გაცოცხლებისა, რაც კულმინაციურ წერტილს აღწევს და მაყურებელს მუდმივ ემოციურ დაძაბულობაში ამყოფებს. (გაზეთი „ზაარბრუკენ ცეიტუნგ“, 19,05,1982წ.).

თეატრის გამოსვლებმა საარბიუკენში ფართო რეზონანსი ჰპოვა. ქართველი მიმების სახით ევროპამ აღმოაჩინა სრულიად ახალი სამყარო, რომელიც მას ხიბლავდა არა იმდენად ვირტუოზული ტექნიკით, არამედ მათთვის უჩვეულო ეროვნულობით. ასეთმა შეფასებამ და მხარდაჭერამ გარკვეულწილად განსაზღვრა თეატრის მომავლი რეპერტუარი, სადაც გაჩნდა ისეთი დასახელებები, როგორიცაა „ფიროსმანი-მეფე“, უფრო მოგვიანებით კი „კრიმანჭული“.

მას შემდეგ, რაც საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში გაიხსნა პანტომიმის ფაკულტეტი, შეიძლება ითქვას, თეატრის სარეპერტუარო პოლიტიკა ორი მიმართულებით წარიმართა – იქმნებოდა სპეციალური დრამატურგიული მასალა როგორც დასისთვის, ასევე სტუდენტებისათვის.

მასალის შერჩევასა და დამუშავებაში გამოჩნდა ამირან შალიკაშვილის უტყუარი პედაგოგიური ალღო – ახალგაზრდები მიჰყავს დაოსტატების რთული გზით, რათა სწავლის პროცესის დასრულებისთვის ისინი მზად იყვნენ თეატრის კოლექტივთან ერთობლივი შემოქმედებისთი მუშაობისთვის. ჟანრის თვალსაზრისით ახალგაზრდებთან მუშაობისას ა.შალიკაშვილი პანტომიმურ ნოველას ანიჭებს უპირატესობას, როგორც ოსტატობის საცდელ ქვას. სტუდენტთა მონაწილეობით შეიქმნა ნოველების ორი კრებული – „მომავლის იმედით“ და „კრიმანჭული“. ამ ნამუშევრებმა ერთხმად აალაპარაკა მთელი თეატრალური სამყარო. სტუდენტურმა სპექტაკლებმა ძირითადად სარეპერტუარო დადგმებთან ერთად დიდი გამარჯვება მოუტანა თეატრს 1986 წელს, პლასტიკური თეატრების საერთაშორისო ფესტივალზე ბერლინში; 1987 წელს, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ქალაქ კიოლნში, მსოფლიო პანტომიმის ვარსკვლავთა მონაწილეობით გამართულ დიდ საერთაშორისო ფესტივალზე და 1989 წელს, ოც დღიანი ჰოლანდიური გასტროლების დროს.
1990-იანი წლებიდან ამირან შალიკაშვილი დგამს ისეთ შედევრებს, როგორებიცაა „სტუმარ-მასპინძელი“ (1991წ.), „დონ ჟუანი“ (2000წ.), ტრილოგია: „ტერენტი გრანელი“ (2005წ.), „წმინდა გიორგი“ (2008წ.), „ქრისტე“ (2010წ.).

მისი ვაჟი – მსახიობი და რეჟისორი დავით შალიკაშვილი დგამს სპექტაკლებს: „ტიტუსი“ (2003წ), „სამყარო“ (2006წ), „შექსპირის სონეტები“ (2007წ.), “Stop Aids” (2009წ.).

ამირან შალიკაშვილის მოსწავლე, მსახიობი და რეჟისორი ლუკა ჩხაიძე სპექტაკლებს – „ოცნების ჩიტი“ (2003წ), „ბლეfი“ (2006წ), „სარკე“ (2009წ.), „ფსევდოკიეზისი“ (2014წ.), „ლუარსაბი“ (2015წ.).

ამირან შალიკაშვილი (უმცროსი) სპეტაკლებს: „ პროლოგი„ (2012წ.) „THE BUBBLE SHOW JUNIOR„ და „ წიგნი “ (2013წ.).

2015 წელს კი თეატრის ნახევარსაუკუნოვანი ისტორიის საიუბილეო წელს, ამირან შალიკაშვილი უმცროსის ორგანიზებით ჩატარდა პირველი პანტომიმის საერთაშორისო ფესტივალი „Shaliakshvili Mime Fest” და გაიხსნა პლასტიკისა და პანტომიმის საერთაშორისო ცენტრი საქართველოში.

2016 წლის ნოემბერში შედგა უნიკალური პრემიერა „ვეფხისტყაოსანი“, რომელიც შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილეს მიეძღვა. სიყვარულისა და მეგობრობის უკვდავი საგა სცენაზე უსიტყვოდ და ამავდროულად სიტყვებით გაცოცხლდა. ტექსტი, რომელსაც თავად ამირან შალიკაშვილი კითხეულობს, როგორც მუსიკა მიჰყვება დიდი მაესტროს შემოქმედებას.

შალიკაშვილის ქართულმა სტილმა შეცვალა მსოფლიო პანტომიმის ჟანრი.

Share: