? პანტომიმის ჟანრის დამკვიდრება საქართველოში ამირან შალიკაშვილის სახელთან არის დაკავშირებული. სასცენო ხელოვნების ეს ერთ-ერთი უძველესი დარგი ოდითგანვე განსაკუთრებული ყურადღებით იყო გარემოცული, ა. შალიკაშვილმა შექმნა ახალი მიმართულება, ქართულ კულტურას უსიტყვო ხელოვნება შესძინა ეს იყო ახალი სიტყვა დუმილის ხელოვნებაში. ქართული პანტომიმის თეატრის წარმატების საძირკველი მისი ეროვნული ტრადიციებია და პლასტიკური გამომსახველობა.
⭕ მისი ყველა აღიარებული სპექტაკლის მყარი საფუძველი ჩამოქნილი რიტმი, უზუსტესი მოძრაობები, დახვეწილი ჟესტ-მიმიკა იყო. ვირტუოზულად დადგმული მასობრივი სცენები მაყურებელს აოცებდა ვიზუალურ-პლასტიკურ სახიერებით, შინაგანი ვნებით, ქართული ტემპერამენტის გამოვლინებით.
⭕ ამირან შალიკაშვილმა, ჯერ კიდევ თეატრალურ ინსტიტუტში სწავლისას, 1960 წელს, დაინტერესებული სტუდენტებისგან შექმნა პანტომიმის ჯგუფი და წლისთავზე ინსტიტუტის სცენაზე წარმოადგინა პირველი დამოუკიდებელი ნამუშევარი – „პანტომიმური ნოველები“. ამ იდეამ ამირანს მოსვენება არ მისცა ინსტიტუტის დამთავრების შემდეგაც; ამჯერად უკვე ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიის თეატრის მსახიობმა, ჩამოაყალიბა პანტომიმის თვითმოქმედი ჯგუფი, სადაც გაერთიანდნენ უმაღლესი და საშუალო სპეციალური სასწავლებლების სტუდენტები, თეატრალური ინსტიტუტის კურსდამთავრებულები, პანტომიმის ჟანრის მოყვარულები. ქართული პანტომიმის თეატრის ნახევარ საუკუნოვანი გზა იღებს დასაბამს პრემიერით “ესეც ასე” რომელიც 1965 წელს 13 მაისს გაიმართა პროფკავშირის კულტურის სახლში.
⭕ მნიშვნელოვანი მოვლენა იყო 1969 წელს ამიერკავკასიის რკინიგზელთა სახლთან ა.შალიკაშვილის ინიციატივით პანტომიმის სტუდიის შექმნა, სადაც იმავე წლის 14 დეკემბერს წარმოადგინეს ნამუშევარი – ნოველების კრებული „ოცნება და სინამდვილე“.
⭕ წარმატების რეზონანსი იმდენად დიდი იყო, რომ მომწიფდა საკითხი საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიასთან შექმნილიყო პანტომიმის თეატრი, რაც 1970 წლიდან განხორციელდა კიდეც.
1976 წლის 1 იანვრიდან ეს კოლექტივი გამოეყო ფილარმონიას და საბოლოოდ საქართველოს პანტომიმის სახელმწიფო თეატრად ჩამოყალიბდა.
⭕ თეატრის დღევანდელი თვალსაწიერიდან თუ გადავხედავთ მის მიერ განვლილ გზას, ნათლად იკვეთება რომ ეს არის საკუთარი სტილისა და გამომსახველობის საშუალებათა ძიების გზა, რაც სრულებით არ ნიშნავს, რომ თეატრმა უარყო ამ ჟანრის კლასიკური მემკვიდრეობა. პირიქით, გაიზიარა და შეისისხლხორცა მსოფლიო პანტომიმის ყველა ფასეულობა. ა.შალიკაშვილმა და მისმა თანამოაზრეებმა მხატვრული ხედვის არეში მოაქციეს მონათესავე დარგის – ქართული ცეკვის უმდიდრესი შესაძლებლობანი და ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო კულტურების ნაჯვარზე თავიანთი ახალი ხელოვნება აღმოაცენეს.
⭕ პანტომიმის ქართულ თეატრში დადგმული ყველა სპექტაკლი, რა საშუალებებითაც არ უნდა ხორციელდებოდეს იგი, მყარ ლიტერატურულ საფუძველს შეიცავს, იქმნება ხასიათები, პერსონაჟთა ურთიერთდამოკიდებულებაში იკვეთება დრამატურგიული კონფლიქტი, სცენაზე წარმოსახულს აქვს დასაბამი და განვითარების ეტაპები. დრამატული თეატრის ამ ურყევი პრინციპის ერთგული დარჩა ამირან შალიკაშვილი ბოლომდე, რამაც დიდი წარმატება მოუტანა კიდეც საზღვარგარეთ არაერთგზის მოგზაურობისას.
⭕ პირველი აღიარება თეატრმა მოიპოვა 1979 წელს საბერძნეთში, სადაც პირეისა და ათენის საზღვარზე მდებარე დრამის თეატრის შენობაში წარმოადგინეს ევროპიდეს „ელექტრა“. ეს წარმატება განსაკუთრებით ძვირფასია, რამეთუ იგი ევრპიდეს სამშობლოში იქნა მიღწეული. მრავალრიცხოვან გამოხმაურებათაგან, ვფიქრობ, ყველაზე ლაკონური და დამაჯერებელია ბერძენი მწერლის იანის სკაფუს გამონათქვამი: „ქართველთა ელექტრა“ ერთ-ერთი იმ სასწაულთაგანია, რაც ოდესმე მინახავს“. მაინც რამ მოხიბლა ბერძენი მაყურებელი? ევრიპიდეს შემოქმედების მიმართ მაძიებლურმა დამოკიდებულებამ, ანტიკურ მონუმენტურობასთან ქართული ხასიათისა და ტემპერამენტის ორგანულმა შერწყმამ, სისხლსავსე აქტიორულმა ნამუშევრებმა. განსაკუთრებული მოწონება ხვდა კირა მებუკეს ცეცხლოვან ელექტრას.
⭕ ქართული პანტომიმის განვითარებაში კირა მებუკეს დიდი წვლილი მიუძრვის, ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში იგი განსაკუთრებულად ფლობდა სხეულს იგი ითვლებოდა ტრაგიკული როლის უმწიკლო შემსრულებლად, ზუსტად ელექტრა იყო მისი აღიარება საერთაშორისო არენაზე როდესაც მას უწოდეს პირველი ქალი მიმი მსოფლიოში. კ.მებუკეს შესრულებული “ფეროსმანი” (მარგარიტა) “სტემარ-მასპინძელი” (აღაზა) “კიდევაც დაიზრდებიანი” (დედა) იყო ქართული პანტომიმის სახე. გამოირჩეოდა პედაგოგიური ნიჭით, მას დიდი წვლილი მიუძღვის ქართული პანტომიმის სკოლის განითარებაში.
⭕ საგასტროლო მოგზაურობიდან დაბრუნების შემდეგ დასი ჩვეული ენთუზიაზმით შეუდგა ახალ რეპერტუარზე მუშაობას. ამ მონაკვეთში მისი ინტერესების სფერო საბრძოლო-პოლიტიკურმა თემატიკამ მოიცვა, ზედიზედ შეიქმნა სპექტაკლები: „გაანთავისუფლეთ სიმღერა“(„ჩილეს ტრაგედია“), „წითელი აფრები“-ვლადიმერ მაიაკოვსკის მიხედვით და „უკვდავნი“. თითოეული ეს ნამუშევარი საინტერესო იყო როგორც პლასტიკური აზროვნების ახალი ფორმების ძიების თვალსაზრისით, ასევე თეატრალური ლტოლვით – შეექმნა ემოციურ მუხტზე დაფუძნებული, პატრიოტული და ინტერნაციონალური სულისკვეთებით გამსჭვალული დადგმები, ეროვნულ ფესვებზე აღმოცენებული თეატრალური ესთეტიკა.
⭕ თეატრის ამ პერიოდის ყველაზე დიდ შემოქმედებით მიღწევად უნდა მივიჩნიოთ ქართული ხალხური ლეგენდის მიხედვით შექმნილი წარმოდგენა – „კიდევაც დაიზრდებიან“.
⭕ თეატრმა შემდეგი საზღვარგარეთული ტურნეს დროს- გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ქალაქ საარბრიუკენში 1982 წელს, სადაც იგი ჩართული იყო საქართველო-გერმანიის კულტურული დღეების პროგრამაში, პანტომიმურ ნოველებთან „ოცნება და სინამდვილესთან“ ერთად წარმოადგინა „კიდევაც დაიზრდებიან“. გერმანული პრესა ვრცელი და საფუძვლიანი ანალიზით გამოეხმაურა სტუმართა შემოქმედებას: „ფოიერვახში გერმანელი მაყურებლის წინაშე 19 ქართველი მიმი გამოვიდა. განუმეორებელი სანახაობა იყო ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ნაჩვენები იქნა ქართული „იავნანას“ საფუძველზე აგებული სპექტაკლი, რომელშიც მოთხრობილია ქართველი კაცის ცხოვრების შესახებ დაბადებიდან სიკვდილამდე. განსაკუთრებული აზრით დატვირთული ჟესტი და მიმიკა საოცრად სადა დეკორაციებისა და კოსტიუმების ფონზე, ერთი-ორად იძენს თავის მნიშვნელობას. აქტიორული სხეულის პლასტიკა ისეთ სრულყოფილებამდეა აყვანილი, რომ იქმნება შტაბეჭდილება ხან ვაჟკაცური, ხან საოცრად ფაქიზი სახეების გაცოცხლებისა, რაც კულმინაციურ წერტილს აღწევს და მაყურებელს მუდმივ ემოციურ დაძაბულობაში ამყოფებს. (გაზეთი „ზაარბრუკენ ცეიტუნგ“, 19,05,1982წ.).
⭕ თეატრის გამოსვლებმა საარბიუკენში ფართო რეზონანსი ჰპოვა. ქართველი მიმების სახით ევროპამ აღმოაჩინა სრულიად ახალი სამყარო, რომელიც მას ხიბლავდა არა იმდენად ვირტუოზული ტექნიკით, არამედ მათთვის უჩვეულო ეროვნულობით. ასეთმა შეფასებამ და მხარდაჭერამ გარკვეულწილად განსაზღვრა თეატრის მომავლი რეპერტუარი, სადაც გაჩნდა ისეთი დასახელებები, როგორიცაა „ფიროსმანი-მეფე“, უფრო მოგვიანებით კი „კრიმანჭული“.
⭕ 1978 წელს საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში გაიხსნა პანტომიმის ფაკულტეტი, შეიძლება ითქვას, თეატრის სარეპერტუარო პოლიტიკა ორი მიმართულებით წარიმართა – იქმნებოდა სპეციალური დრამატურგიული მასალა როგორც დასისთვის, ასევე სტუდენტებისათვის.
⭕ მასალის შერჩევასა და დამუშავებაში გამოჩნდა ამირან შალიკაშვილის უტყუარი პედაგოგიური ალღო – ახალგაზრდები მიჰყავს დაოსტატების რთული გზით, რათა სწავლის პროცესის დასრულებისთვის ისინი მზად იყვნენ თეატრის კოლექტივთან ერთობლივი შემოქმედებისთი მუშაობისთვის. ჟანრის თვალსაზრისით ახალგაზრდებთან მუშაობისას ა.შალიკაშვილი პანტომიმურ ნოველას ანიჭებს უპირატესობას, როგორც ოსტატობის საცდელ ქვას. სტუდენტთა მონაწილეობით შეიქმნა ნოველების ორი კრებული – „მომავლის იმედით“ და „კრიმანჭული“. ამ ნამუშევრებმა ერთხმად აალაპარაკა მთელი თეატრალური სამყარო. სტუდენტურმა სპექტაკლებმა ძირითადად სარეპერტუარო დადგმებთან ერთად დიდი გამარჯვება მოუტანა თეატრს 1986 წელს, პლასტიკური თეატრების საერთაშორისო ფესტივალზე ბერლინში; 1987 წელს, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ქალაქ კიოლნში, მსოფლიო პანტომიმის ვარსკვლავთა მონაწილეობით გამართულ დიდ საერთაშორისო ფესტივალზე და 1989 წელს, ორმოც დღიანი ჰოლანდიური გასტროლების დროს.
⭕ 1990-იანი წლებიდან ამირან შალიკაშვილი დგამს ისეთ შედევრებს, როგორებიცაა „სტუმარ-მასპინძელი“„დონ ჟუანი“
“საქართველო ლამაზო”
2000-იანი წლებიდან იბადება ქართული პანტომიმის შედევრები ტრილოგია: „ტერენტი გრანელი“ „წმინდა გიორგი” „ქრისტე“ “ვეფხისტყაოსანი”.
⭕ ამირან შალიკაშვილი არის 14 ლექსების კრებულის ავტორი, არის ოთხ ტომეულის “ცრემლიანი შემოდგომის” ავტორი და მსოფლიოში პირველი “პანტომიმის სახელმძღვანელოს” ავტორი.
⭕ ამირან შალიკაშვილი არის ქართული
პანტომიმის ჟანრის ფუძემდებელი საქართველოში. 2015 წელს თეატრმა მოიპოვა “პლასტიკის საერთაშორისო ცენტრის” ლიცენზია.
⭕ 2025 წელს ქართული “პანტომიმის სახელმწიფო თეატრი” ხდება 60 წლის. საიუბილეო წელს დაგეგმილია თეატრის შენობის მშენებლობის დასრულება და თეატრს მიენიჭება ამირან შალიკაშვილის სახელი.
? 2025 წელს საქართველოში ქ.თბილისში გაიხსნება “ამირან შალიკაშვილის სახელობის სახელმწიფო პანტომიმის თეატრი და პლასტიკის საერთაშორისო ცენტრი ”
ტექსტის ავტორი: კოტე ნინიკაშვილი