#ტერენტი
15 წლის შემდეგ
#ჩვენვაშენებთთეატრს
#შალიკაშვილისფესტივალი
განვლილ დღეების კრთიან ჩრდილები
(და ვიცი იგი, რომ ბოროტია),
გამოჩნდა ქრისტე და ყვავილებით
ანგელოზები ჩემსკენ მოდიან.
ეს ნარცისები ისევ მე მინდა,
დაო, ძლიერო და უწმინდესო!
და სასიკვდილო, თეთრი ცრემლიდან
მე ვიხედები, როგორც იესო.
მშობიარობის უმძიმესი ტკივილით ევლინება პოეტი მიწას და კოლხი ქალის კირთები, რომელსაც ტკივილის შემსუბუქებაში, ლამის მთელი სოფელი ეხმარება, სიმბოლური უვერტურაა, შესაქმნელად იმ განწყობილებისა, რასაც მთელი წარმოდგენა ემსახურება.
ანგელოზები ყველა ახალშობილს ჰყავს, შობის შემდეგ კი მათი შენარჩუნება უკვე პიროვნების ცხოვრებაზეა დამოკიდებული, ხოდა როგორც ყველა ახალშობილს, პოეტის თეატრაული „დაბადებაც“ პირველი ყვავილებითა და ანგელოზებთან ერთად, სიცოცხლის ხის გარშემო, თამაშით იწყება.
გადის ხანი და სიყრმის ბედნიერი დღეებიც ამ „ხანს“ მიჰყვება. პოეტის ცხოვრებაში ქუხილი და გრგვინვა ისადგურებს, მის ეულ სვლას წუთისოფლის ოღროჩოღრო ბილიკებზე სევდა და ცრემლი არ შორდება. მეოცნებე ყრმა თავისუფლების ხელყოფის მსხვერპლი ხდება (ცხენის დაურვება / დაჭერა) და მისი მძიმე განსაცდელი ახლოვდება, მშობლიური სახლი ნადგურდება / იწვება და მისი სვლის ყველაზე დიდი მხარდამჭერი, მამა უკვდება.
სევდიანად, თავგანწირვით იწვის მამისეული სახლი… და მასთან ერთად იფერფლება მარტოსულად შთენილი ყმაწვილის იმედიც…
იწყება შემდგომი სურათი – პოეტი თბილისს სტუმრობს.
ოციანი წლების, სავსე თბილისი. დიდი ქალაქისთვის დამახასიათებელი გაუტანლობით.. მოფენილი კაფე-შანტანებითა და დაბნეული მოქალაქეებით. პოეტს ისე შესქერიან, როგორც ამრევსა და დაუდეგარს, რომელიც უეცრად ქვავდება და სხეულიდან ამოფრენას ცდილობს, თითქოს ამ აბურდულ ქალაქშიც კი იპოვა თავისი ადგილი, მაგრამ მაინც გაერიდა ქალაქის ხმაურს.
სასაფლაოს ხშირი სტუმარია მარტოსული ტერენტი.
ეულ კორდზე წვიმაა და ყვავილები. საფლავთა შორის დაძრწის პოეტი, ის წუთისოფლის მწარე გამოცანის ამოხსნას ცდილობს და ამავდროულად გრძნეული თვალი ქრისტესკენ გარბის.
თაყვანისმცემელ ქალიშვილთა შორის ფოთლებივით ფანტავს თავის დიდებულ ლექსებს და ფანჯრებიდან გადმოღვრილ საოცარ სიმფონიებს ეწაფება.
ჩუმი და მრისხანეა 1921 წლის 25 თებერვალი, რომელიც მოდის, მოდის და არ ჩერდება.
მოსჩანს ტერენტი, მამულის დამწველ იუნკერთა შორის და იქ კეთილისა და ბოროტის საბედისწერო ჭიდილში, სწორედ მის თვალწინ თეთრი გედივით ეცემა მეოცე საუკუნის საქართველოს პირველი გმირი ქალი – მარო მაყაშვილი.
ყოველ სიტყვაზე ყურს იხშობენ, პირზე ხელებს იფარებენ წითელვარსკვლავიანი ჯალათები, რადგან ისინი არასდროს სჯერდებიან მხოლოდ ხალხისკენ გზის გადაღობვას. დესპოტური ხელისუფლება პოეტს აპატიმრებს და ექცევა ისე, როგორც ყველა დროის ყველა ხელოვანს.
ტერენტი გრანელმა, კონსტანტინე არსაკიძის ბედი გაიზიარა და მისი წამებიდან ერთადერთი ნაბიჯი დარჩა გალაკტიონის თვითმკვლელობამდე.
და მას შემდეგ ყველა დესპოტს, ხელოვნების „ვერ გაგების“ მსახვრალი ნიღაბი, საუკუნის დანაშულად ექცა.
…. და თქვენც რომ იცოდეთ, ამ სულის შემძვრელი და დასანანი ფინალის საიდუმლო ტერენტი გრანელის მთელ შემოქმედებაში ძევს!
პიესა: რევაზ მიშველაძე რუსთაველის პრემიის ლაურეატი
პარტიტურა: გოგი ჩლაიძე
მხატვარი: კახა ბაკურაძე
რეჟისორი: დავით შალიკაშვილი
იდეის ავტორი: ამირან შალიკაშვილი (Junior)
მონაწილეობენ: სალომე ფილიშვილი; სოფო ლოლაძე; იაკო მიმინოშვილი; ნინო ლორთქიფანიძე; ეკა დობორჯგინიძე; სოფო ბოკუჩავა; ნინო მაისურაძე; მარი კვაღინიძე; თამუნა მუსელიანი; გიგი ლორია; ირაკლი ბიბილური; გიორგი გურგენიძე; გიორგი ტიელიძე; გიორგი აფშილავა; ექა არსენიძე; ვასო კიპაროიძე; შოთა ქერაშვილი; ბონდო მამულაშვილი.